სკოლის შესახებ

ქალაქ თბილისის სკოლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია 128-ე სჯარო სკოლა, ის 1965 წლიდან ემსახურება მომავალი თაობის აღზრდა-განათლების მეტად რთულ და საინტერესო საქმეს. პოზიტიური სასწავლო გარემო ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა. სკოლის ერთ-ერთ კედელზე ბავშვთა უფლებების თემაზე შესრულებული ნახატი მოგხვდებათ თვალში, რომელზეც მოსწავლეებს თავიანთი ხელით წაუწერიათ ყველაზე ღირებული სიტყვები: მეგობრობა, სიყვარული, თვითგამოხატვა, თანასწორობა, ოჯახი, სწავლა. უკვე ამ ადგილიდან იწყება ის თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც თითოეული მოსწავლის ინტერესზეა გათვლილი და ადამიანური ღირებულებების გათავისებას ემსახურება. ბოლო წლებში სკოლაში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა: გარემონტდა და გალამაზდა ეზო და შენობა. გარემონტდა და წიგნებით მომარაგდა ახალი ბიბლიოთეკა, სადაც მეტად სასიამოვნო გარემო შეიქმნა პატარა მკითხველებისათვის. სკოლა გამორჩეულია მასწავლებელთა მაღალი კომპეტენციით. აქ დასაქმებულია 36 უფროსი, 25 წამყვანი და 6 მენტორი მასწავლებელი, ისინი აქტიურად აგრძელებენ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და არაერთ მნიშვნელოვან პროექტში არიან ჩართული. მათ შორისაა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები უკვე ორი წელია მიმდინარეობს, ყალიბდება მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები და ტარდება სამუშაო შეხვედრები.

128-ე საჯარო სკოლა 2021 წლის იანვრიდან ჩართულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვის პროცესში. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მასწავლებლების მიერ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა. პირველ რიგში დავასახელებთ სასკოლო პროექტებს ბავშვთა უფლებების დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემებზე. ჩვენი მიზანი იყო სკოლაში ახალი-გუნდურობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული კულტურის დამკვიდრება, მოსწავლეების ინტერესების, შესაძლებლობების , პრიორიტეტების გამოვლენა და განვითარება, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა გააქტიურება. აღნიშნულ პროექტებში ინტერაქტიური მიდგომებით ვგეგმავთ და ვახორციელებთ მრავალფეროვან აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების დაინტერესებასა და სასურველ შედეგზე გასვლას, მშობელთა ინერტული დამოკიდებულების შეცვლას. ისინი აქტიურად მონაწილებენ აქტივობებში, ამზადებდნენ სხვადასხვა რესურსებს, მასწავლებლებს ეხმარებიან სასკოლო გარემოს კეთილმოწყობაში. გასულ სასწავლო წელს მათი მხარდაჭერით გამწვანდა და გალამაზდა სკოლის ეზო, ჩატარდა ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,რა განძი გვქონია“, ექიმმა მშობლებმა ჯანსაღი ცხოვრების დაცვის აუცილებლობაზე ჩაატარეს შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან. მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა პროექტი ,,მშობლები უკეთესი განათლებისათვის“. აღსანიშნავია მოსწავლეთა ინტერესი და პასუხისმგებლობა: მათ დაამზადეს პლაკატები, კედლის გაზეთები, ციხე-ტაძრების მაკეტები, შექმნეს ვიდეორგოლები და ფლეერები. სპორტის მასწავლებლის ჩართულობით მოეწყო სხვადასხვა სპორტული აქტივობა ეროვნულ სპორტულ სახეობებში.

2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში გაუმჯობესდა მოსწავლეთა არაფორმალური განათლება, დამატებით , მშობელთა ნებაყოფლობით შეიქმნა სხვადასხვა სერვისები:. გახანგრძლივებული ჯგუფი, ვოკალის, კარატეს, ჭადრაკის, მათემატიკოსთა წრეები. ასევე მასწავლებელთა ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკოლაში ამოქმედდა: სამოქალაქო კლუბი ,,ლორაქსი“, ეკოკლუბი, წიგნისმოყვარულთა კლუბი, ნორჩ შემოქმედთა კლუბი, კლუბი ,,ალგორითმიტიკა“, საინტერესო შეხვედრების კლუბი ,, ორის მეშვიდე ხარისხი“. არაფორმალურმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარის განვითარებას, ცნობისმოყვარეობის გაღვივებას.

128-საჯარო სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ გააგრძელებს სიახლეებისა და ნოვატორული პროექტების დანერგვას. ის მომავალშიც შესთავაზებს თავის მოსწავლეებს საინტერესო სასკოლო ცხოვრებას, შეუქმნის პოზიტიურ გარემოს ,სადაც ყოველი ბავშვი თავს დაცულად და თანასწორად იგრძნობს.